აგრარულ საკითხთა კომიტეტში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ნინო წილოსანმა საბჭოს წევრებს კომიტეტის საქმიანობის სამომავლო გეგმები გააცნო და იმ კანონპროექტებზე ისაუბრა, რომლის დაინიცირებასაც კომიტეტი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.
„დღეს, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე წარვადგინეთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც გვინდა, რომ საშემოდგომო სესიის დროს დავაინიციიროთ. ესენია: „ფერმერთა შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენის შემცირების და სურსათის შეწრიულობის შესახებ” კანონპროექტი და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” კანონში ცვლილებები. კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან გაწევრიანებული. მათ ყველაზე კარგად იციან ამ სექტორში მიმდინარე საკითხები და პრობლემები, შესაბამისად, მათი მოსაზრებები და ჩართულობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ცვლილება შედის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულებაში. კერძოდ, საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, თუმცა წელიწადში ორჯერ მოიწვევს კომიტეტი, ნაცვლად არსებული ჩანაწერისა, რომელიც სხდომების კვარტალში ერთხელ მოწვევას ითვალისწინებდა. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები ასევე ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომას, სადაც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.