კულტურის კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ციხესიმაგრეების, ციხე-დარბაზების და კოშკების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელა

კულტურის კომიტეტში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, აღნიშნული ძეგლების გადასარჩენად, საჭიროა მათთვის კულტურული/საგანმანათლებლო ფუნქციის მინიჭება.

„მე მქონდა კომუნიკაცია იუნესკოს გენერალურ დირექტორთან, რომელსაც მოვუყევი ჩვენი კვლევების შესახებ, ის ძალიან დაინტერესდა. გამოითქვა აზრი, რომ თუკი მოვახერხებთ და რომელიმე ციხე-კოშკს შევძენთ იმ მნიშვნელობას და იქნება კულტურული აქტივობებით დატვირთული ან საგანმანათლებლო-შემეცნებითი კუთხით განვითარებული, ისინი განიხილავენ მას როგორც იუნესკოს ღირებულებას”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა ციხესიმაგრეების, ციხე-დარბაზების, კოშკების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„საბჭოთა პერიოდიდან მთელი ეს მემკვიდრეობა გადაებარა სახელმწიფოს, რადგან ამ ნაგებობებმა ამოწურეს თავისი ფუნქცია. მათ კულტურის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს მოცემულობა დარჩა, მაგრამ იმდენად ბევრი გვაქვს, არ მეგულება დედამიწის ზურგზე ასეთი მცირე მოცულობის ქვეყანა, რომ ამდენი კულტურული მემკვიდრეობა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ამ ნაგებობების 99% განადგურების პირასაა,” – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად გადაწყდება, თუ რომელი ნაგებობები რა ფუნქციით დაიტვირთება. თემატური მოკვლევა გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები