გიორგი მღებრიშვილმა დაბალი რისკის დაწესებულება დაათვალიერა

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა N16 დაბალი რისკის დაწესებულება დაათვალიერა. დაწესებულებაში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. რეკონსტრუქციის შემდეგ გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსები, რომლებშიც მოეწყო დასასვენებელი ჰოლები, დაწესებულების პოპულაციის რაოდენობაზე გათვლილი საშხაპეები. მათ გვერდით განთავსდა სამრეცხაო-საშრობები. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სტანდარტის დაცვით, თითეულ მსჯავრდებულზე გამოიყო 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, უნარშეზღუდული მსჯავრდებულებისათვის მოეწყო მათი საჭიროებების შესაბამისი საკნები, ყველა სართულის ფლიგელში განთავსებულია სოციალური სამსახურის სამუშაო ოთახები. იატაკი მოპირკეთდა სპეციალური საფარით, რომელიც ზამთარში სითბოს და სიმშრალეს ინარჩუნებს. და განახლდა სავენტილაციო სისტემა, განათება, წყალ-კანალიზაცია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ეს იქნება დაწესებულება, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი სასჯელის ღირსეულად მოხდისთვის, სწავლისა და შრომისთვის, რათა დაწესებულების დატოვების შემდეგ, მსჯავრდებულს არ გაუჭირდეს საზოგადოებაში რეინტეგრაცია. მისივე თქმით, დაწესებულებაში მსჯავრდებულები მათივე რისკის მიხედვით განთავსდებიან.
„მოგეხსენებათ, აღნიშნული დაწესებულება გათვლილია დაბალი რისკის მსჯავრდებულებზე. მათი აქ გადმოყვანა რისკის შეფასების შემდეგ მოხდება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, არამედ სასჯელის მოხდის პერიოდში მისი ქცევა და დამოკიდებულება დაწესებულების თანამშრომლებისა თუ სხვა მსჯავრდებულების მიმართ. ყველა პატიმარს, ვინც ემორჩილება დადგენილ წესებს, პატივს სცემს და არ ლახავს გარშემომყოფების უფლებებს, გაცნობიერებული აქვს საკუთარი შეცდომა, აქვს შანსი, განთავსდეს ამ დაწესებულებაში“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები