ირაკლი ქადაგიშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლა ცალსახად შეფასდა, რომ ეს იყო აშკარად არამეგობრული ნაბიჯი საქართველოს მიმართ

“ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლა ცალსახად შეფასდა, რომ ეს იყო აშკარად არამეგობრული ნაბიჯი საქართველოს მიმართ. ამასთან ერთად, ეს იყო ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა მისი მხრიდან და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ბელარუსის მხრიდან სეპარატისტული რეჟიმის აღიარების საკითხი დადგება, ეს საქართველო-ბელარუსის ურთიერთობების სტაგნაციას გამოიწვევს.

„საქართველოში ბელარუსის ელჩი დაბარებული იყო, მას შესაბამისი ნოტა წარედგინა და მისგან ბელარუსის დამატებითი ახსნა-განმარტებებია მოთხოვნილი. რატომ არის გამოწვეული ეს ნაბიჯი, ამაზე ბევრი სხვადასხვა ვერსია შეიძლება, განვიხილოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადაწყვეტილება და სურვილი. მან პირდაპირ აღნიშნა, რომ ეს იყო ვლადიმერ პუტინის თხოვნა და მითითება და მისი მითითების შესაბამისად იმოქმედა. რა გაგრძელება მოჰყვება ამას? თუ ამას მოჰყვება შემდგომი უკიდურესად მძიმე ნაბიჯები და ბელარუსის მხრიდან სეპარატისტული რეჟიმის აღიარების საკითხი დადგება, მაშინ ბუნებრივია, რომ ეს გამოიწვევს საქართველო-ბელარუსის ურთიერთობების სრულ სტაგნაციას, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას. ამ ეტაპზე ჩვენ ამას მკაფიო და მკაცრი განმარტება უნდა მივცეთ და გარკვეულწილად არ უნდა ავყვეთ ემოციებს. ეს არ უნდა გადავაქციოთ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების კიდევ ერთ თემად. ადეკვატური ნაბიჯებით უნდა ვუპასუხოთ ყველა სცენარის შესაძლო განვითარებას. ეს იქნება სახელმწიფოებრივად გამართლებული პოზიცია, რაც ჩვენ ამ მიმართულებით უნდა დავიკავოთ და ხელისუფლებას გვიჭირავს კიდეც ეს პოზიცია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები