პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის და ნინო იობაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „იურიდიული დახმარების შესახებ კანონში“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებათა პროექტები. კანონპროექტები დეპუტატებმა ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
მომხსენებლის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, სასამართლოს მიერ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას იურიდიული დახმარების მიმღები პირის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების ხარჯებს სასამართლო გონივრულ ფარგლებში დააკისრებს მეორე მხარეს.
კომიტეტის სხდომაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კოლეგებს პირველი მოსმენით განსახილველად გააცნო „მუზეუმების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილების პროექტი. კანონპროექტი, რომელიც სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნას ითვალისწინებს და ამ ახალი ტიპის მუზეუმის შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს დაარეგულირებს საქართველოს პარლამენტის წევრების: ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ირაკლი ბერაიას, ელისო ბოლქვაძის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ხელაშვილის, რესან კონცელიძისა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტები: „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი. ცვლილებებით როტაციის წესით სამუშაო მივლინებით პირთა წარგზავნასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, პარლამენტის წევრებს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“.
ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შედეგად, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია – „რაჭის დაცული ტერიტორიები“, რომელშიც შევა დაცული ტერიტორიების ორი კატეგორია: რაჭის ეროვნული პარკი და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (ე.წ. დამხმარე ზონა). კანონპროექტით დადგენილია რაჭის ეროვნული პარკის მდებარეობა და ფართობი, რომელიც 50835 ჰექტარს შეადგენს. ასევე განსაზღვრულია რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაში (დამხმარე ზონა) შემავალი სოფლები: უწერა, გლოლა, ჭიორა, ღები, პატარა ღები, გონა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.