ნელი დოროყაშვილი: ბასილაშვილის ადვოკატის წინააღმდეგ ვამზადებ სარჩელს, აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილმა ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს და არ უნდა იყოს გამოყენებული მისი სტატუსი ან სახელი, როგორც პრივილეგია.

“სასჯელის მოთხოვნის უფლება არ მაქვს, მე სასამართლოში განვაცხადე, რომ ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი და ისევე დაისაჯოს, როგორც ნებისმიერი სხვა პირი და არ უნდა იქნეს გამოყენებული მისი სტატუსი, სახელი და ეს არ უნდა იყოს რაიმე სახის პრივილეგია”, – განაცხადა დოროყაშვილმა.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბასილაშვილის ადვოკატების მხრიდან მასზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდებოდა.

მისი თქმით, ირმა ჭკადუას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

“ჩემზე მიმდინარეობდა მიზანმიმართული ზეწოლა მისი ადვოკატების მხრიდან, თავისივე დასმულ კითხვებზე, როგორ კი საუბარს დავიწყებდი, კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ არ მესაუბრა. მთხოვდნენ და მაიძულებდნენ „კი“ ან „არა“ მეპასუხა ნებისმიერ შეკითხვაზე და ის შეკითხვებიც ისე ჰქონდათ დასმული, ვერც „კი“-ს და ვერც „არას“ ვერ ვუპასუხებდი. როგორც კი ძალადობაზე საუბარს ვიწყებდი, მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე კატეგორიულად მაჩერებდნენ. მიმდინარეობდა ჩემი, როგორც პიროვნების დისკრედიტაცია, როგორც ადამიანის, როგორც ქალის და როგორც ცოლის. იყო დამაკნინებელ ასპექტში მოხსენიება და მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ბუნებრივია, მე მათთან პოლემიკისთვის არ მოვედი, არამედ მოვედი სასამართლოს და მოსამართლის წინაშე ყველაფრის მოსაყოლად. ჩემთვის მორალურად ძალიან რთული იყო ეს პროცესი, მაგრამ მე თავდაპირველადვე ავირჩიე სამართლებრივი გზა და 2 წლის განმავლობაში ვინარჩუნებდი სიჩუმეს და ამ წნეხს ვიტანდი.
ირმა ჭკადუა ორი წლის განმავლობაში ისევე, როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე მედიასივრცეში და მედიის გარეთ არღვევს ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს. ვამზადებ სარჩელს ქალბატონი ირმა ჭკადუას წინააღმდეგ, აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე. ვგულისხმობ ცილისწამებას, ჩემი და არასრულწლოვნის ინტერესების დაკნინებას. ჩემი, როგორც პიროვნების სახელისა და სტატუსის შებღალვას, პირველი იქნება ირმა ჭკადუა, რომელიც ემსახურება ამას ორი წელია და ეს იყო მისი თვითმიზანი. თვითონ გახადეს საჯარო თემა და საზოგადოებისთვის აქტუალური, თორემ მე ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი. ახლა დაიხვია ხელზე, რომ ვითომ ჩემი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს მე ვარღვევ, რასაც თვითონ აკეთებენ ბოლო 2 წელია”, – განაცხადა დოროყაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი პროცესში უნდა ჩაერთოს და კითხვებზე თავის არიდება არ უნდა სცადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები