ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა.
საზეიმო გახსნის ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი ესწრებოდნენ.
მინისტრმა სიმპოზიუმის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სიმპოზიუმის დაარსების 20 წლის იუბილე მიულოცა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სიმპოზიუმის კვლავ სათანადოდ ორგანიზებისათვის რუსუდან წურწუმიასა და კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრს, და პატივი მიაგო სიმპოზიუმის დამფუძნებელსა და მოამაგეს, ანზორ ერქომაიშვილს.
ღონისძიება ქართული ფოლკლორის ცნობილი ქალი წარმომადგენლის, ლელა თათარაიძის შესრულებით გაიხსნა და კონცერტშიც ქართული და უცხოური ქალთა ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
„წელს, სიმპოზიუმში მსოფლიოს 16 ქვეყნის 36 მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის, 28 – უცხოეთიდან. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება იტალიელი ეთნომუსიკოლოგისა და რეჟისორის ფილმი „მოლხენის ხმები” (Voices of Conviviality), რომელშიც აღწერილია პრემანელი (იტალია) მომღერლებისა და ანსამბლ „ადილეის“ მიერ გატარებული საღამო სვანეთის სოფელ ლახუშდში.
წელს, საიუბილეო 20 წელი სრულდება საქართველოში ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის დაარსებიდან. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1980-იანი წლებიდან დაიწყო მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების ტრადიცია, რომელიც 1992 წელს, საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო შეწყდა. ეს ტრადიცია 1998 წელს აღდგა. იუნესკოს მიერ 2001 წელს ქართული პოლიფონიის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად აღიარებამ ახალი ძალა შესძინა სიმპოზიუმს და დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიოს ეთნომუსიკალურ წრეებში. წლების განმავლობაში, სიმპოზიუმი მრავალხმიანობის მკვლევრებსა და მრავალ სახელგანთქმულ მეცნიერს მასპინძლობდა, წელს კი, ის მე-11-ედ ტარდება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები