ბექა ოდიშარია: უცხოეთში ქართული კულტურულ-შემოქმედებითი და საგანმანათლებლო ცენტრები ჩვენს მომავალ თაობაში და, შესაბამისად, ქართულ დიასპორაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ემსახურებიან

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში მოქმედ ქართულ კულტურულ-შემოქმედებით ორგანიზაცია – „ირინას აკადემია” დამფუძნებლებთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან.

ბექა ოდიშარია გაეცნო აკადემიის საქმიანობას, რომელიც 2020 წელს დაარსდა და ინფრასტრუქტურულად გამართულ მაღალი დონის ქართულ ცენტრს წარმოადგენს, სადაც დასაქმებულია 20-მდე ქართველი პედაგოგი და 200-მდე ქართველი და სხვა ეროვნების მოსწავლე იღებს განათლებას სხვადასხვა სფეროში. ცენტრს აქვს საკუთარი ტექნიკურად მაღალ დონეზე გამართული სასწავლო სივრცეები, საკონცერტო, სარეპეტიციო და საკონფერენციო დარბაზები. ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების” სოლისტი ირინა ხუცურაული, რომელიც, ოჯახთან ერთად წარმართავს აკადემიის საქმიანობას.
ბექა ოდიშარიამ დაათვალიერა აკადემიის საკონფერენციო, საგამოფენო და სასწავლო სივრცეები, რის შემდეგაც გაიმართა შეხვედრა ცენტრისა და მიწვეული ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

„კულტურულ-შემოქმედებითი ორგანიზაცია – „ირინა დენს აკადემია” მოიცავს საგანმანათლებლო-სამეცნიერო, კულტურულ-შემოქმედებით და საზოგადოებრივ სფეროებს. აკადემიას აქვს 2 ძირითადი დანიშნულება და მიზანი: ქართული ეროვნული ცეკვის შესწავლა, საბალეტო და სამსახიობო ხელოვნება, ფორტეპიანო, ვოკალი, ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ზოგად ქართული კულტურისა და საქართველოს შესახებ სწავლება. ცენტრში ასევე ფუნქციონირებს ქართული ფოლკლორული საკრავების, ხატვის, ჭადრაკის, ტანვარჯიშისა და ჰიპ-ჰოპის სექციები”, – აღნიშნა ირინა ხუცურაულმა.

ბექა ოდიშარიამ ქართული კულტურულ-შემოქმედებითი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლისა და საქმიანობისთვის, რაც დაკავშირებულია უცხოეთში ქართული ენისა და ისტორიის, ქართული ცეკვისა და სიმღერის სწავლებასთან, კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რაც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას. უცხოეთში ქართული კულტურულ-შემოქმედებითი და საგანმანათლებლო ცენტრები ჩვენს მომავალ თაობაში, შესაბამისად ქართულ დიასპორაში, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და ზოგადად ქართული დიასპორისა და ქართული სახელმწიფოს ერთობის შენარჩუნებას ემსახურებიან და მზად არის ყოველთვის თანადგომა აღმოუჩინოს მათ”, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ემიგრაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე. დასასრულს აკადემიის მოსწავლეებმა გამართეს კონცერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები