კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს
სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
მომხსენებლის ინფორმაციით, ძირითად ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა დაგეგმილთან შედარებით მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. მისი განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაგეგმილ 6%-ის ნაცვლად, 8.5%-მდე იზრდება, რამაც მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა განაპირობა და 64.8 მლრდ. ლარის ნაცვლად, 72.2 მლრდ. ლარს შეადგენს. მინისტრის პირველმა მოადგილემ, განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების და ბიუჯეტში გაზრდილი შემოსავლების შედეგად შემოსული თანხების განაწილების პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, სტაბილური ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის ვალის მაჩვენებლების შემცირება.
შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, 710 მლნ. ლარით მცირდება ვალის აღების მაჩვენებელი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა კი მშპ-ს 4.4%-დან 3.2%-მდე მცირდება. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს სახელმწიფო უწყებებისთვის დამატებითი ასიგნებების გამოყოფის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სხვადასხვა სამინისტროს დაფინანსების გაზრდასთან ერთად კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის დამატებით გამოყოფილი თანხებით დასაფინანსებელ პროგრამებზე ისაუბრა.
„საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, სამინისტროს დაფინანსება 43 მლნ. ლარით იზრდება და 400,8 მლნ. ლარს შეადგენს. ასიგნებების ზრდა სხვადასხვა სპორტული ფედერაციის მხარდაჭერას და მოახლოებული ტურნირების ჩატარებას, წარმატებული სპორტსმენებისთვის დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებას და 2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო სპორტში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას მოხმარდება”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაც გააცნო, რომელიც დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.