„პუტინი შვილებს ომში არ აგზავნის, იბრძოლეთ, რომ თქვენი შვილები არ გაუშვან სასიკვდილოდ” – ზელენსკი დაღესტანში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 25 სექტემბერს დაღესტანში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ხალხი იწყებს იმის გააზრებას, რომ ეს არის მათი სიცოცხლის საკითხი.
ამის შესახებ მან ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხმა, კერძოდ, დაღესტანში დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი იწყებენ გააზრებას, რომ ეს არის მათი სიცოცხლის საკითხი. რატომ უნდა დაიღუპონ მათი ქმრები, ძმები, ვაჟები ამ ომში? ომში, რომელიც ერთ ადამიანს სურს. ომში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე. ის საკუთარ შვილებს ხომ არ უშვებს ამ ომში.
იბრძოლეთ, რომ თქვენი შვილები სასიკვდილოდ არ გაგზავნონ – ყველას, ვინც შეიძლება, ამ დანაშაულებრივი რუსული მობილიზაციის ქვეშ მოექცეს. რადგან თუ მოხვალთ ჩვენი შვილების სიცოცხლის წასართმევად – როგორც მამა, გეტყვით, რომ ცოცხალს არ გაგიშვებთ”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა კვლავ მოუწოდა ხალხს, არ დაემორჩილონ მობილიზაციას, გაექცნენ ჯარში გაწვევას ან, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ჩაბარდნენ უკრაინულ ტყვეობას.