იზიუმში, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა
ხარკოვის ოლქის განთავისუფლებულ ქალაქ იზიუმში, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ.
მათივე ცნობით, მასობრივ საფლავში, ჯამში, 447 ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის არიან ბავშვები.
„იზიუმში მასობრივი საფლავიდან ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა. საფლავებიდან გარდაცვლილთა 447 ცხედარი ამოასვენეს. აქედან 215 ქალი, 194 მამაკაცი, 5 ბავშვი. დაღუპულთა შორის 22 სამხედრო მოსამსახურეა. გარდა ამისა, ნაპოვნია 11 ადამიანი ნეშტი, რომელთა სქესის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია“, – წერს იგორ კლიმენკო.
სინეგუბოვის თქმით, ცხედართა უმეტესობას აღენიშნება ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები, ხოლო 30-ს წამების ნიშნები.
„აქ არის ცხედრები კისერზე თოკებით, შეკრული ხელებით, მოტეხილი კიდურებითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. რამდენიმე მამაკაცს მოკვეთილი აქვს სასქესო ორგანო“, – წერს სინეგუბოვი.