აზარაშვილი: 3 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი კერძო სექტორში დასაქმდა, 4 300-მა კი არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება შეძლო

3 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი კერძო სექტორში დასაქმდა, 4 300-მა კი არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება შეძლო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, სადაც, პარტია “საქართველოსთვის” მოწვევით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამით სოციალურად დაუცველთა დასაქმების შესახებ უსმენენ.

“27 800-ზე მეტმა პირმა თანხმობა განაცხადა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, დასაქმდა 23 000-ზე მეტი პირი, 3 000-ზე მეტმა პირმა აირჩია დასაქმება ღია შრომის ბაზარზე, 4 300-მა სოციალურად დაუცველმა გამოთქვა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების სურვილი, 600-მდე პირმა აირჩია პროფესიული მომზადება-გადამზადება და ამის შემდეგ შევთავაზებთ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებასაც”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი მარტიდან 20 სექტემბრამდე დასაქმებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოების სერვისცენტრებს ინფორმაციის მიღებისა და კონსულტირებისთვის, ჯამურად, 61 000-ზე მეტმა პირმა მიმართა, საიდანაც 23 000-მა პირმა გაიარა კონსულტაცია, მაგრამ თავი შეიკავა ან უარი განაცხადა პროგრამაში მონაწილეობაზე, 2 300 პირი კი არ აკმაყოფილებდა პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმს და, შესაბამისად, დასაქმების კონსულტანტებმა ღია შრომის ბაზარზე დასაქმება შესთავაზეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები