ჯანდაცვის მინისტრი: საზოგადოებრივ სამუშაოებზე 23 000-ზე მეტი პირი დასაქმდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 23 000-ზე მეტი პირი დასაქმდა.
როგორც მინისტრმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია, შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ხანგრძლივად უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას.
„20 სექტემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა. 4 316-მა ადამიანმა კი მოახდინა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზება“, – აღნიშნავს მინისტრი.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ამ პროგრამის შედეგი ორმაგია: მოკლევადიანი დასაქმებით შემოსავლის გაზრდა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გაუმჯობესების გზით, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.
ცნობისთვის, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება და საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.