როგორ ხდება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაში სოციალურად დაუცველთა ჩართვა – მინისტრის განმარტება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებით პარტია “საქართველოსთვის” წევრების კითხვებს პასუხობს.
დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ ვინ ახორციელებს პროგრამის ბენეფიციართა შერჩევას და ჩართულია თუ არა ამ შერჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ასევე, ახდენენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენასა და წარდგენას შესაბამის უწყებაში.
აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს.
მინისტრი განმარტავს, თუ როგორ ხდება დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში სოციალურად დაუცველი პირების ჩართვა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროგრამის მოსარგებლეთა სიას, კრიტერიუმების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო ადგენს და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გადასცემს.
დასაქმების სააგენტო, სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებთან პროაქტიულად მუშაობს, უწყვეტ რეჟიმში ახდენს მათთან კომუნიკაციას და მათ ინფორმირებას.
„პირველ ყოვლისა, დაკავშირება მოხდა სოციალურად დაუცველ ისეთ ოჯახებთან, სადაც 3, 4, 5 და მეტი შრომისუნარიანი პირი ცხოვრობდა.
პროგრამით დაინტერესებული სოციალურად დაუცველი პირების პირველად შერჩევას დასაქმების კონსულტანტები ახდენენ. ფასდება სოციალურად დაუცველი პირის ცოდნა, უნარები და სამუშაო გამოცდილება. შეფასების შედეგად სოციალურად დაუცველი პირები პირობითად, შემდეგ ჯგუფებად იყოფა:
სოციალურად დაუცველები, რომლებსაც აქვთ სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა და შესაბამისად მათი ცოდნა და უნარები ვერ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს;
სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სურთ ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, მიუხედავად კვალიფიკაციისა;
სოციალურად დაუცველები, რომლებიც ეწევიან არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას ან არიან არაფორმალურად დასაქმებულები.
პროფილირების შედეგებიდან გამომდინარე, დასაქმების კონსულტანტები, სოციალურად დაუცველ პირს სთავაზობენ დასაქმებას საზოგადოებრივ სამუშაოებზე, დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე, მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსებში ჩართვას და შემდეგ დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე, საკუთარი არაფორმალური დასაქმების ან არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზებას.
ნებისმიერი ერთი შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი პირის ოჯახი 4 წლის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებს სარეიტინგო ქულას, ფულად და არაფულად დახმარებას“, – აცხადებს აზარაშვილი.