ზურაბ აზარაშვილი: საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებულ 100-ზე მეტ ადამიანს უკვე შეუწყდა კონტრაქტი სხვადასხვა მიზეზის გამო

100-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს უკვე შეუწყდა კონტრაქტი სხვადასხვა მიზეზის გამო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი ზოგ შემთხვევაში სამსახურში არ გამოცხადება იყო.

„თუ არ დადიან სამსახურში და ხელფასს მაინც იღებენ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დასაქმების სააგენტოში გვყავს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ადგილზე შერჩევით დადიან და ამოწმებენ. ასევე, გავზარდეთ შრომის ინსპექციის უფლებამოსილება, ამ ყველაფერს აკონტროლებს. თუ სადმე ასეთი შემთხვევა იქნება, ოპერატიული რეაგირება იქნება და თუ არ მუშაობენ, 300-ლარიან ხელფასს არ მიიღებენ. 100-ზე მეტ ადამიანს უკვე შეუწყდა კონტრაქტი სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგ შემთხვევაში მიზეზი იყო ის, რომ სამსახურში თავიდან ცხადდებოდნენ და შემდეგ  – აღარ. აქედან გამომდინარე დასაქმების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ და ამ 300-ლარიან ხელფასს ვუწყვეტთ“,- განმარტა აზარაშვილმა.

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის კითხვაზე, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის რომელ ეფექტიანობაზეა საუბარი, როდესაც რიგი სკოლები 7 მეეზოვეს და დამლაგებელს ამატებენ, აზარაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული მიმართულებით პრობლემას ვერ ხედავს.

„არ ვიცი, აქ რა პრობლემაა, სკოლის შენობის ეზოს ტერიტორიის დასუფთავებას, რომ 7 მეეზოვე აკეთებდეს რა პრობლემაა? ან რა პრობლემაა 5 დამლაგებელი ალაგებდეს სკოლას, რა პრობლემაა? ამ შემთხვევაში დამატებით 5 დამლაგებელი და 7 მეეზოვე ყოველდღე გამოდიან სახლიდან და ადამიანებთან უფრო მეტი კონტაქტი აქვთ, უფრო მეტ კვალიფიკაციას და გამოცდილებას შეიძენენ და შემდეგ შეიძლება, სხვაგან დასაქმდნენ“, – თქვა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები