ზურაბ აზარაშვილი – ბექა ლილუაშვილს: 15 წუთი ძალიან ყურადღებით გისმენდით, რომ რამე კონკრეტული პრობლემა იქნებ გეთქვათ, სამწუხაროდ, ვერაფერი მოვისმინე
თურმე, თქვენი იდეა ყოფილა საზოგადოებრივი სამუშაოების პროექტის განხორციელება თავის დროზე, მაგრამ არასაკმარისი ბიუჯეტის გამო ეს ვერ განხორციელდა. დღეს, საბედნიეროდ, გვაქვს ბიუჯეტში საკმარისი შემოსავლები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რა დროსაც დეპუტატმა ის კითხვები წარადგინა, რომლითაც ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მიმართეს.
„ბატონო ბექა, 15 წუთი ძალიან ყურადღებით გისმენდით, რომ რამე კონკრეტული პრობლემა იქნებ გეთქვათ, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და მერე უფრო დეტალურად მეპასუხა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერი მოვისმინე, გარდა იმ სასიხარულო ფაქტისა, რომ თურმე, თქვენი იდეა ყოფილა საზოგადოებრივი სამუშაოების პროექტის განხორციელება თავის დროზე, მაგრამ არასაკმარისი ბიუჯეტის გამო ეს ვერ განხორციელდა. დღეს საბედნიეროდ, გვაქვს ბიუჯეტში საკმარისი შემოსავლები, საიდანაც შეგვიძლია ეს პროექტი ეფექტიანად ვამუშაოთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.