პარლამენტი ჯანდაცვის მინისტრს უსმენს – რა კითხვები აქვთ დეპუტატებს

პარლამენტი ჯანდაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენს. ზურაბ აზარაშვილს კითხვებით პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატებმა მიმართეს და ის საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას შეეხება.

დეპუტატებმა ზურაბ აზარაშვილს შემდეგი კითხვები გაუგზავნეს:

1. რა კრიტერიუმებით ხორციელდება იმ სოციალურად დაუცველ პირთა შერჩევა, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს დასაქმებას, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში?

2. ვინ ახორციელებს აღნიშნულ შერჩევას და ჩართულია თუ არა ამ შერჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები?

3. ახდენენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენასა და წარდგენას შესაბამის უწყებაში?

4. რამდენად ხორციელდება ამ ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ რეალურად იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც მომავალში მათ დაეხმარებათ – დასაქმდნენ კერძო სექტორში?

5. როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით, 20 ათასი მსგავსი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში შემავალ სხვადასხვა დაწესებულებაში მ.შ. სსიპ-ებში ა(ა)იპ-ებში თუ სხვ. რეალურად, იყო თუ არა ამ დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის, მათი საქმიანობის უწყვეტობისა და ეფექტიანობის ზრდისთვის დამატებით 20 ათასი სამუშაო ადგილი (დასაქმებული) საჭირო?

6. როგორც ფუნქციონირებდნენ უწყვეტად, ეფექტიანად აღნიშნული დასაქმებულების გარეშე ეს უწყებები ხსენებული ქვეპროგრამის ამოქმედებამდე?

7. მიგაჩნიათ თუ არა, რომ სასაფლაოს დამლაგებლად, დარაჯად, მუზეუმის დამლაგებლის თანაშემწედ და სხვ. დასაქმებული ადამიანები შეძლებენ დამატებითი უნარების შეძენას, რაც მათ დაეხმარებათ კერძო სექტორში დასაქმებისთვის მომავალში?

8. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს რეფორმა, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურებში ეფექტიანობის ზრდას, მათ შორის, არაეფექტიანი დასაქმების ეტაპობრივი შემცირების რამდენიმეწლიან გეგმას?

ცნობისთვის, ინტერპელაციის წესით სექტემბერში პარლამენტში ასევე მიწვეულნი იყვნენ პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა და განათლების და მეცნიერების მინისტრები, თუმცა, პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციით მიწვეული მინისტრების მოსმენა ნოემბრისთვის გადაიდო. გადავადების მიზეზი სამთავრობო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები