“მობილიზაცია დასავლეთთან ომის საფრთხედ არ უნდა იყოს აღქმული” – ნიდერლანდების პრემიერი

ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია კრემლში პანიკის ნიშანია და არ უნდა იყოს აღქმული დასავლეთთან სრულმასშტაბიანი ომის პირდაპირ საფრთხედ.

ამის შესახებ, ტელეკომპანია NOS-ზე დაყრდნობით, Reuters-ს წერს.

“მობილიზაცია, დონეცკში რეფერენდუმისკენ მოწოდებები  პანიკის ნიშანია. მისი რიტორიკა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით – არის ის, რაც აქამდე არაერთხელ გვსმენია და მის მიმართ გულგრილები ვართ. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი რიტორიკის ნაწილია. გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ”, – თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

გარდა ამისა, რუსებისადმი მიმართვაში მან თქვა, რომ დასავლეთი ყველა ზღვარს გავიდა, “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები საუბრობენ უკრაინაში შეტევითი იარაღის მიწოდებაზე, ტექნიკით დარტყმებს აყენებენ რუსეთის ტერიტორიას.

დასავლეთმა დაიწყო ბირთვული შანტაჟიც, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

მაგრამ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად რუსეთი მზად არის, გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული საშუალება და ეს ბლეფი არ არის.

რუსეთი ახლაც, როგორც ადრე, შეაჩერებს მათ, ვინც იბრძვის მსოფლიო ბატონობისთვის, იმუქრება ქვეყნის დანაწევრებითა და დაპყრობით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები