„ის, რისი მოწმენიც ვართ 24 თებერვლიდან, იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში დაბრუნებაა“ – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთი ევროპაში „იმპერიალიზმის დაბრუნების“ პროვოცირებაში დაადანაშაულა.
„ის, რისი მოწმენიც ვართ 24 თებერვლიდან, იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში დაბრუნებაა. საფრანგეთი უარს ამბობს ამაზე და ჯიუტად ეძებს მშვიდობას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ სხვა ანექსიურ ომებს კარი გაუღო.
„ისინი, ვინც დღეს ჩუმად არიან, საკუთარი თავის მიუხედავად ან ფარულად, გარკვეული თანამონაწილეობით ემსახურებიან ახალი იმპერიალიზმის, თანამედროვე ცინიზმის მიზეზს, რომელიც ანადგურებს საერთაშორისო წესრიგს და რომლის გარეშეც მშვიდობა შეუძლებელია.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მხოლოდ ის შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს, აღადგენს მშვიდობას. მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უკრაინას სუვერენულად სურს ეს და რუსეთი კეთილსინდისიერად მიიღებს ამას. მოლაპარაკება წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის სუვერენიტეტს პატივს სცემენ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.