“რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მოლაპარაკებების პროცესს ხელს შეუწყობს.
ამის შესახებ მან PBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, – წერს Anadolu.
“ეს არის ის, რაც საჭიროა და რაც მოსალოდნელია. ამ საკითხში ბატონმა გუტერეშმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები. არის ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით. ეს ნაბიჯები და ეს დაბრუნება ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს მუშაობას”, – თქვა ერდოღანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრებზე მოუწოდებდა მას ანექსირებული ყირიმის დაბრუნებისკენ.
„ისინიც ჩვენი თანამემამულეები არიან. ჩვენ რუსებს ვუთხარით, რომ თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ, ეს დაგვამშვიდებს, უკრაინას და ყირიმელ თათრებს დაამშვიდებს. მაგრამ, სამწუხაროდ, მას შემდეგ ამ მიმართულებით ნაბიჯიც არ გადადგმულა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.