დავით ბაქრაძე: ნიუ იორკში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება

ნიუ იორკში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაური გაერო-ს 77-ე სესიის გახსნას დაესწრება, მოგვიანებით კი გენერალური დებატების დროს მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

“საქართველოს პრემიერმინისტრი და საქართველოს დელეგაცია უკვე ნიუ იორკშია. ხვალ გაიხსნება უკვე გაერო-ს 77-ე სესია, რომელსაც, რა თქმა უნდა, დაესწრება და გენერალური დებატების დროს მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერმინისტრი. ამის პარალელურად, იმართება არაერთი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო საზოგადოება ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ენერგოუსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს საკითხები, გამომდინარე ჩვენი გამოწვევებიდან, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, იქნება საქართველოს პრემიერმინისტრის, საქართველოს დელეგაციის შეხვედრების და საუბრების მთავარ დღის წესრიგში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები