ოლაფ შოლცი: გერმანიის არმია ევროპის საუკეთესოდ აღჭურვილი არმია უნდა გახდეს, ქვეყანა მზად არის, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღოს
გერმანიის არმია ევროპის საუკეთესოდ აღჭურვილი არმია უნდა გახდეს, ქვეყანა მზად არის, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„როგორც ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, რომელსაც აქვს უდიდესი ეკონომიკური ძალა და როგორც ქვეყანა კონტინენტის შუაგულში, ჩვენი არმია უნდა გახდეს თავდაცვის ქვაკუთხედი ევროპაში, საუკეთესოდ აღჭურვილი ძალა ევროპაში. ჩვენ დამაჯერებლად ვაცხადებთ: გერმანია მზად არის, აიღოს ძირითადი პასუხისმგებლობა ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამჟამად წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ნატოს ალიანსისთვის.
მისივე თქმით, ევროპამ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ნატოს ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„ჩვენ, ევროპელებმა, ნატოს ფარგლებში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ პუტინის რუსეთი, უახლოეს მომავალში აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის მოწინააღმდეგედ უნდა განისაზღვროს“, – განაცხადა შოლცმა.