“უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მოლაპარაკებებს 5 ქვეყანასთან აწარმოებს” – ზელენსკი
უკრაინა საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს ერთდროულად რამდენიმე პარტნიორთან აწარმოებს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან მოლაპარაკების შემდეგ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარაკეტო თავდასხმებისგან „ცის დახურვა“ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უმთავრესი ფაქტორი იქნება და მას ორი პარტნიორი სახელმწიფოს – შეერთებული შტატებისა და გერმანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების იმედი აქვს.
„ჩვენთვის პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება და არის დადებითი შედეგი (აშშ-ნორვეგიული სისტემა) NASAMS-ის და (გერმანული) IRIS-T-ის მიწოდებაზე. გერმანიიდან ჩვენ ველოდებით რამდენიმე სისტემას, თუმცა, ჯერ არცერთი არ მიგვიღია; ისევე – როგორც შეერთებული შტატებისგან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ნაწილობრივ ხურავს საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის საკითხს“, – განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის მოლაპარაკებები არ შემოიფარგლება მხოლოდ ორი პარტნიორით.
“გარდა ამისა, ჩვენ ასევე გადაწყვეტილი გვაქვს, ვიმუშაოთ საფრანგეთთან, იტალიასთან. მე ასევე ვარ მზად და ჯერ არ მიმიღია დადებითი რეაქცია ისრაელისგან,” – განმარტა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცალკე ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შეფერხება უკრაინელების დაკარგული სიცოცხლეა.
“მაგრამ გერმანია არ არის დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი უკრაინას რაკეტებით ურტყამს. ამაში მხოლოდ რუსეთია დამნაშავე. ესეც უნდა გვესმოდეს”, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.