აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გასვლით სხდომაზე ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
კანონპროექტი პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას და ხატია წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. სხდომაზე აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღების აუცილებლობა მცენარის სელექციონერის დაუცველობის საკითხმა გამოიწვია.
კერძოდ, სელექციონერი ახალი ჯიშის გამოყვანის შემდგომ სელექციონერის განსაკუთრებული უფლების შესაბამის რეგისტრაციას ვერ ახერხებს, რამდენადაც საქართველოში არ არსებობს აკრედიტებული სუბიექტი, რომელიც სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელ მცენარის გამოცდას მოახდენს.
ასეთი მომსახურების საზღვარგარეთ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები კი სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვის პროცესს არარენტაბელურს ხდის.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა, კანონპროექტის მიღების შედეგად გაჩნდება კომპეტენტური სუბიექტი, რომელსაც შესაბამისი გამოცდის ჩასატარებლად ექნება რესურსიც და შესაძლებლობაც.
კანონპროექტით განისაზღვრება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება მცენარის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზნით კომპეტენტური პირის განსაზღვრის შესახებ.
კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.