გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მდინარე რიონის კალაპოტის დათვალიერებისას, ნანახი და ამოღებულია უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მდინარეში განთავსებული 3 ერთეული ხოლიხი ბადე.
მდინარე რიონიდან, ასევე ამოღებულია თევზჭერის უკანონო იარაღი – 70 ერთეული ე.წ. ანკელარი. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სიონის წყალსაცავის დათვალიერებისას, 600 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირებისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გაატარეს სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე.
ჯამში, ამოღებულია 1600 მეტრი სიგრძის ე.წ. სახლართი ბადე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები როგორც უკანონო თევზჭერის, ისე სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ.