საქართველოს პროკურატურა 25-29 სექტემბერს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველოს პროკურატურა 25-29 სექტემბერს, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – “გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები” უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან. ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია, უცხო სახელმწიფოში არსებული ელექტრონული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით, კონფერენციას ევროჯასტის (EUROJUST) პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი, ევროპის (EPPO) მთავარი პროკურორი ლაურა კოვესი, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოადგილე ნაჟატ შამემ ხანი დაესწრებიან. დაგეგმილია საქართველოს გენერალური პროკურორის ორმხრივი შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან. ასევე, საქართველოს პროკურატურასა და ევროპის პროკურორის ოფისს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გლობალურ შეხვედრას ბოლოს, 2019 წელს არგენტინის გენერალურმა პროკურატურამ ბუენოს-აირესში უმასპინძლა, ხოლო 2023 წელს კონფერენციის მასპინძელი იქნება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პროკურატურა ლონდონში. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.

საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრია 2011 წლიდან, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს.
2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს – აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში. საქართველოს პროკურატურის და IAP-ის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2017 წლის 27-28 ივნისს საქართველოს პროკურატურამ პირველად უმასპინძლა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-8 რეგიონულ კონფერენციას თემაზე – „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნება და კიბერდანაშაული”, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 25 ქვეყნის გენერალური პროკურორი, მოადგილეები და სხვა მაღალი რანგის თანამშრომლები ესწრებოდნენ. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მიზნებია – მსოფლიო პროკურორებისთვის ერთიანი პროფესიული ქცევისა და ეთიკის სტანდარტების დადგენა და ამაღლება, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გაუმჯობესება.
საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IAP) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები