„ოცნების ადამიანი ვარ“ – მასწავლებელი და ხელოვანი, რომელიც ახლობელ ადამიანებს საკუთარ ხელნაკეთ სამკაულებს სახსოვრად უძღვნის

აჭარაში დაიბადა, ხელსაქმე ბავშვობიდან იტაცებდა, პარალელურად მასწავლებლობაც იზიდავდა.
ამბობს, რომ  ბავშვების დიდმა სიყვარულმა და საკუთარი თავის რწმენამ აარჩევინა დაწყებითი კლასების მასწავლებლობა.
სწავლობბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივესიტეტში, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. არის  მაგისტრანტი სტუდენტი.
აქტიურად მონაწილეობარაფორმალურ განათლებაში,  ასევე – პროექტებში, კონფერენციებში, ტრენინგებსა და ვებინარებში.
პარალელურად ამზადებს ხელნაკეთ  ნივთებს,  აქვს თავისი გვერდი და სამომავლოდ მრავალ პროექტში მონაწილეობაზეც ფიქრობს. – პედაგოგისა და ხელოვანის, თამარ სურგულაძის პერსონა.

– დავიბადე ქედის რაიონის სოფელ დანდალოში. მყავს და-ძმა, მშობლები და ბაბუა. ბავშვობიდანვე მიტაცებდა ხელსაქმე, დაახლოებით 9 წლის ვიქნებოდი, როცა შემოდგომის ფოთლებისგან ნახატებს ვაფორმებდი, მინდვრის ყვავილებისგან კი პატარა გვირგვინებს ვწნავდი.
წიგნების  გვერდებს  ყვავილებით ვამკობდი. როცა შიგნით ჭკნებოდა, სულ სხვა ელფერს იძენდა. განსაკუთრებულად  მიტაცებდა ფერები, ამიტომ დიდ დროს ბუნებაში ვატარებდი.
ვაკვირდებოდი ყველა ფერს, რაც ჩემ წინ გადაიშლებოდა. სამწუხაროდ, ამ პერიოდში, რაც გონებაში მქონდა  ჩაფიქრებული, რეალურად ვერ ვქმნიდი. ყველაზე მეტად ხელოვნების გაკვეთილი მიყვარდა, რადგან მასწავლებელი ბევრ საინტერესო აქტივობას გვაკეთებინებდა.
ვოცნებობდი, ხელოვნების რომელიმე დარგის მიმართულებით სწავლის გაგრძელებას, მაგრამ,  ამავდროულად,  პროფესიად  მასწავლებლობა მქონდა არჩეული.
და მაინც,  რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?
– ხშირად ჩემი და-ძმა მასწავლებლობანას ვთამაშობდით, მოგვწონდა მასწავლებლის როლის გათავსება,  ერთმანეთთან  გაკვეთილების ჩატარებით დიდ სიამოვნებას ვიღებდით.   არჩეული პროფესიის მიმართ მშობლებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, ჩემი განვითარების ხელშეწყობად ყველაფერს ცდილობდნენ, მათი საუბარი ყოველთვის მოტივაციასა და თავდაჯერებულობას უფრო მძენდა.
ასევე დიდი როლი ჩემი დაწყებითების მასწავლებელმაც შეასრულა. განსაკუთრებული ქალბატონი იყო, თითქმის ყველა მშობელს სურდა,  თავისი შვილი  მის კლასში მოხვედრილიყო. მომწონდა მისი აქტივობები, ყურადღება, მზრუნველობა, სითბო და სიყვარული.
ბავშვების დიდმა სიყვარულმა და საკუთარი თავის რწმენამ ამარჩევინა დაწყებითი კლასების მასწავლებლობა. თანაც  ჩემი შემოქმედებითობა ხელს შეუწყობს, უფრო მრავალფეროვანი მეთოდები და აქტივობები შევიტანო ჩემს სამომავლო კლასში.
სურვილი მაქვს, ხელოვნების  საგნის სერტიფიცირების გამოცდაც ჩავაბარო და ეს საგანი პროფესიულ დონეზე შევასწავლო მოსწავლეებს. ყოველთვის  მჭიდროდ დაკავშირებული ვიქნები ხელოვნების დარგებსა და მასწავლებლობის პროფესიასთან. ალბათ ამ ორის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, იმდენად მიყვარს და ვაღმერთებ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივესიტეტის მაგისტრანტი ხართ. სტუდენტობის პერიოდი და ხელოვნება… თუ აკეთებდით ხელნაკეთ ნივთებს მაშინაც?
– სტუდენტობის პერიოდში  საკუთარი ცოდნითა და შესაძლებლობების გამოვლენით დავიწყე ხელნაკეთი ნივთების შექმნა, საკუთარი  ძალისხმევითა და საყვარელი ადამიანების თანადგომით ვცდილობდი ჩემი პროდუქციის პოპულარიზაციას. მაგრამ,  მასალების არქონის გამო და ფინანსების გათვალისწინებით,  აქსესუარებს ცოტას ვამზადებდი.
– გაქვთ გვერდი: „ჩემი მუზა“, სადაც თქვენი მრავალფეროვანი  ნამუშევრებია გამოფენილი – სამკაულები, საყურეები, ყელსაბამები, თმის სამაგრები, ჩანთები…
– 2019 წელს სოციალურ ქსელში გადავწყვიტე გვერდის შექმნა, სახელად: „ჩემი მუზა • My muse”.  სახელი ჩემი წარმოსახვითი იდეების გამო დავარქვი, რადგან მსურდა, ყველა ნივთის ავტორი მე ვყოფილიყავი.
იმავე წელს ბათუმის ბულვარში გავიტანე ჩემი ხელნაკეთები, დიდი ნაწილი უცხოელებმა შეიძინეს. სამწუხაროდ, ქართულ ჯგუფებში რეალიზებას ვერ ვახერხებდი, ასევე – გამოფენებზეც. იმავე წელს იმედი დავკარგე  და რაიმეს დასამზადებლად  სურვილი აღარ გამჩენია, მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაციამ ჩემი ხელნაკეთების შესახებ ინტერვიუების და სტატიების მომზადების შესახებ მომწერა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, სიხარულის ცრემლები მომდიოდა.
სურვილი გამიჩნდა, უფრო სხვადასხვა რამე დამემზადებინა. საკუთარი  ძალისხმევით  დავიწყე ბროშების დამზადება და ჩემი ფეისბუქმეგობრებისგან დიდ მოწონებასაც იმსახურებდა, მაგრამ შემდეგ პატარა იმედგაცრუებაც მქონდა, რომ საკუთარ თავს უკეთესად  ვერ ვანვითარებდი. საბედნიეროდ, ჩემს გულში პატარა იმედის ნაპერწკალი ყოველთვის ღვიოდა. ოცნების ადამიანი ვარ, ვცდილობ, ჩემს ოცნებებს ფრთები შევასხა.
ბოლო ერთი წელია მოყვარულის დონეზე ხატვით დავინტერესდი და ამ პროცესით დიდ სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ყველაზე მეტად სამკაულების დამზადება მიყვარს. ვფიქრობ, ეს უფრო შესანიშნავად გამომდის, თან   ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ძალიან მიყვარს ბრდღვიალა და სადა მასალების შეძენა. თითოეულ ხელნაკეთს  ალბათ  ნახევარ საათს ან უფრო ნაკლებს ვუთმობ. ყველა სამკაულს თავისი მომხმარებელი  ჰყავს.
მომხმარებლებისგან ბრდღვიალა ყელსაბამები უფრო მეტად  პოპულარული გახდა.  როცა ყელსაბამს ან სხვა აქსესუარს ვამზადებ, რაღაცნაირად ბედნიერი  ვარ, ჩემში სიხარულის, კმაყოფილების, თავდაჯერებულობის დიდი ემოციები და განცდები შემოდის. მიყვარს საყვარელი ადამიანებისთვის ჩემი სამკაულების ჩუქება, რადგან  ვფიქრობ, სხვას ისეთს ვერაფერს ვაჩუქებ, რაც ჩემს დიდ სიყვარულს გამოხატავს მათდამი.
– გამორჩეული ნამუშევრები თუ გაქვთ, ისეთი, რომელიც ძალიან გიყვართ?
– რომ მკითხოთ, რომელი ხელნაკეთის მიმართ გაქვთ განსაკუთრებული სიყვარულიო, დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ ყველა განსაკუთრებული ისტორიისა და სიყვარულის ნაწილია… ყველაზე უსასრულოდ ვისაუბრებდი. შუაღამეც რომ იყოს, თუ იდეა გამიჩნდა, იმ წამსვე საქმეს უნდა შევუდგე და შემიძლია საათობით ვიმუშაო, სასურველი შედეგის მისაღწევად.
– დღეს ბევრი ამზადებს ხელნაკეთებს. როგორ უნდა განსხვავდებოდე სხვებისგან ანუ მხოლოდ შენი ხელწერა რომ გქონდეს?
– დღეს ბევრი აწარმოებს ხელნაკეთი ნივთების პროდუქციას, ალბათ ჩემი ხელნაკეთები ყველასგან განსხვავდება უბრალოებით, სინაზითა და სიბრდღვიალით. ვფიქრობ, ჩემი იდეით შექმნილი განსხვავებულობით გამოირჩევა. ასევე ერთი ხელნაკეთის შექმნაში დიდ ენერგიას, სიყვარულს და ემოციებს  ვაქსოვ.
ჩემი მიზანია, უფრო განვვითარდე. ვფიქრობ, ჩემი ძალისხმევითაც შემიძლია წარმატების მიღწევა, შეიძლება ხელოვნების დარგების ფასიანი ვებინარები, ტრენინგები ვერ გავიარო, მაგრამ მონდომებით და თავდაჯერებულობით ყველაფერს შევძლებ, მთავარი რესურსებია, ეს ჩემი დიდი ტკივილია.
– თქვენმა პროექტმა „ფიროსმანის ოცნებამ“ გაიმარჯვა…
– ხშირად ვმონაწილეობ უფასო პროექტებში, განსაკუთრებულად გამოვარჩევდი ერთ-ერთ პროექტს „ფიროსმანის ოცნებას“, სადაც ხელოვნების მოყვარული ადამიანების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა მოეწყო. თავიდან ტრენინგები გვიტარდებოდა, შემდეგ კი სასურველ თემაზე ნაშრომები უნდა შეგვექმნა. ეს ჩემთვის დიდი წარმატება და მიღწევა იყო, რადგან წიგნი გამოიცა და ჩემი ნამუშევარიც დაიბეჭდა. არასდროს დამავიწყდება ის ემოციები, რაც მაშინ განვიცადე.
მონაწილეობ: პროექტებში, კონფერენციებში, ტრენინგებსა და ვებინარებში... როგორ ახერხებთ პარალელურად ხელსაქმეს?
– უნივერსიტეტში აქტიური  სტუდენტობის გარდა, ვცდილობ ხელსაქმესაც დრო დავუთმო. ჩემი პატარა წიგნაკი მაქვს, სადაც დრო და გრაფიკი განაწილებული მაქვს, ერთგვარად,  ეს ყველაფერი ჩემი სასიამოვნო ყოველდღიური რუტინაა.  ვცდილობ, ჩემს ,,პატარა პროფესორებსაც“  მნიშვნელოვანი  შედეგის მომცემი და ნაყოფიერი დრო დავუთმო და მასწავლებლის  როლი პასუხისმგებლობით შევასრულო. საღამოს  განტვირთვის მიზნით ვერთვები ტრენინგებში, ვებინარებში, რაც  ძალიან მამშვიდებს და   ჩემი  ცოდნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ჰობი…
– ბოლო პერიოდში ფოტოგრაფიამაც გამიტაცა, სამწუხაროდ, დრო აღარ მრჩება,  რომ ამ ჰობსაც  ღრმას ჩავუღრმავდე.  ვცდილობ, ოჯახს დიდი დრო დავუთმო, რადგან   თუ რამეში მცირე წარმატება მიმიძღვის, მათი დიდი დამსახურების შედეგია.
ჩემი ოჯახი ჩემი სარკეა, ჩემი ძალა და იმედი. დაცლილი ენერგიას მათი სიტყვებით და სითბოთი ვივსებ. ოჯახში განსაკუთრებული წევრი გვყავს ბაბუა, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია, უყვარს ჩემი  ხელნაკეთების  დათვალიერება და ნახატებზე ყურება. ხშირად მთხოვს თავის ოთახში რაიმე ნახატის  შეტანას.   ხშირად ვამბობ, ჩემი  შემოქმედების მიზეზი ჩემი მშობლების გენებია, რადგან მამა ხის ხელოსანია, დედა კი  შესანიშნავად ხატავს და ქარგავს.
ჩემი განსაკუთრებული მოტივატორები კი ჩემი და-ძმა და  ძვირფასი ადამიანი ბაკურია,  ზოგჯერ დროში შეზღუდულობის გამო ხელნაკეთის აწყობაში და შეფუთვაშიც დამხმარებიან.
ალბათ სიყვარულისა და თანადგომის გარეშე ვერაფერს შევძლებ.
სამომავლოდ, დიდი გეგმები მაქვს, მსურს  ბევრ  პროექტში მივიღო მონაწილეობა. ჩემი ხელნაკეთები  საზოგადოების დიდი ნაწილმა გაიცნოს, ბევრი ადამიანისგან უკუკავშირი მივიღო. გამოფენებში მონაწილეობის მიღების დიდი სურვილი მაქვს. სულ ვცდილობ ფეხის მოკიდებას და არ მინდა უშედეგო იყოს ჩემი ყოველი მცდელობა.
ჩემი მიზანია, მასწავლებლობის სტატუსის ღირსეულად ტარების გარდა, განვავითარო ჩემი პროდუქციის ბიზნესი, უფრო განვვითარდე და დავხვეწო ჩემი შესაძლებლობები. ყოველთვის მსურს, გამოცდილი, გამოუცდელი, მოყვარული  ან პროფესიონალი ადამიანებისგან ბევრი ახალი რამ ვისწავლო და შევიმეცნო.
მადლობა დაინტერესებისთვის,  დიდი ემოციის, სიხარულისა და იმედის მონიჭებისთვის.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები