შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს: თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ს.ა. და 1973 წელს დაბადებული ი.ზ., აზერბაიჯანის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული გ.ა., ასევე, მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ს.ა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.