საქართველოს პარლამენტის წევრები პოლონეთის თავდაცვით შეიარაღებას ეცნობიან
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა – ლევან იოსელიანმა და პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების” თავმჯდომარემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა პოლონეთის უმსხვილესი სამხედრო სამრეწველო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კელცაში შედგა, სადაც ყოველწლიური სამხედრო სამრეწველო გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენაზე საქართველოს პარლამენტის წევრები სეიმის თავდაცვის კომიტეტის წევრების მასპინძლობით იმყოფებიან.
ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლონეთში იარაღის ექსპოზიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. წარმოდგენილ შეიარაღებას შორის 90% სწორედ პოლონეთშია წარმოებული.
„აქ წარმოდგენილია ყველა სისტემა, რომელიც განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, ხომალდსაწინააღმდეგო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლონური წარმოების.
უზარმაზარი სურვილი და მზაობა აქვთ, რომ საქართველოსთან გააღრმაონ ურთიერთობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ კომპანიასთან უკვე დაწყებული აქვს თანამშრომლობა, მაგრამ მეტია საჭირო, ყველამ კარგად ვიცით და უკრაინის ომმა აჩვენა, როგორი სანდო პარტნიორია პოლონეთი, როგორი ერთგული მეზობელია. შესაბამისად, როგორც კი ჩამოვალ თბილისში, ვიქნები ერთ-ერთი აქტიური ლობისტი იმის, რომ პოლონეთის სამხედრო სამრეწველო კომპანიასთან საქართველომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში სამხედრო მრეწველობის განვითარების სფეროში გააღრმაოს ურთიერთობა”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში, სეიმის ვიცე მარშალის მიწვევით მიმდინარეობს.