გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოში “ქალთა საინფორმაციო ცენტრისა” და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით „ქალთა საინფორმაციო ცენტრისა” და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე „ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ორი ინიციატივის – „გენდერული თანასწორობის შესახებ” და „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
„ქალთა საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენლების განცხადებით, ცვლილების შედეგად, შეიქმნება გენდერულ სტატისტიკურ მონაცემთა სრულყოფილი ბაზა, რომლის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვა, რაც გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უწყებების რეგიონული და მუნიციპალური თანამშრომლობის კოორდინაციის ეფექტიან მექანიზმებს შექმნის. შესაბამისად, კანონმდებლობაში გაჩნდება ახალი ტერმინი „გენდერული სტატისტიკა”, რომელიც განიმარტება როგორც ოფიციალური სტატისტიკის შემადგენელი ნაწილი.
ტერმინი ქალებისა და მამაკაცების მდგომარეობის შესახებ, ცხოვრების ყველა სფეროში სქესის მიხედვით დიფერენცირებულ მონაცემებს მოიცავს და საშუალებას იძლევა ქალების, კაცების, გოგონებისა და ვაჟების პრიორიტეტები და საჭიროებები იმგვარად იყოს გათვალისწინებული პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების პროცესებში, რომ უზრუნველყოს ამ პოლიტიკის მიერ მოტანილი სიკეთეებისა და შედეგების საყოველთაო თანასწორობა. „ჩვენ ვიმსჯელეთ ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივებზე, რომლებიც ეხება გენდერული სტატისტიკური მონაცემების სეგრეგირებულ დამუშავებას, როგორც მუნიციპალური ასევე ცენტრალურ დონეზე.
„საქსტატს” საკმაოდ კარგად აქვს აწყობილი სისტემა თუმცა, მისი ძირითადი სტატისტიკური მონაცემები გენდერულად დესეგრეგირებულია. რიგი მუნიციპალიტეტების შემთხვევაში გენდერული სტატისტიკის წარმოების ძალიან კარგი პრაქტიკული მაგალითები გვაქვს. ამიტომ შემოთავაზება იყო, რომ ამ კარგი პრაქტიკის გარკვეულწილად საკანონმდებლო ჩარჩოში გადატანა მომხდარიყო. ასევე ვიმსჯელეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გარკვეული საკოორდინაციო მექანიზმის გაჩენაზე ადგილობრივ დონეზე, ეს იქნება საკრებულოების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თუ მერთან კოორდინირებული უწყებათაშორისი შეხვედრები.
სამუშაო ჯგუფის წევრები შევთანხმდით გარკვეულ მონახაზზე, რომლის ფარგლებშიც გარკვეულ ინიციატივებზე გავაგრძელებთ საუბარს”, – განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. სამუშაო შეხვედრაში „საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე მონაწილეობდა.