ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობა ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ნიკოლაევის ოლქებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციისთვის ემზადება

უკრაინის მთავრობა ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ნიკოლაევის ოლქებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციისთვის ემზადება, – ამის შესახებ დროებით ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„სავალდებულო ევაკუაციის რიგშია – ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქები. მე არ ვსაუბრობ მთელ რეგიონზე, მაგრამ მათ ნაწილს ევაკუაცია დასჭირდება, ჩვენ ამისთვის ვემზადებით“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.

მისივე თქმით, აგვისტოს დასაწყისიდან დონეცკის ოლქი სავალდებულო ევაკუაციის ფარგლებში 10 000-მა ადამიანმა დატოვა, მათი მესამედი ბავშვები, ხოლო ათასზე მეტი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო.

„უარს ამბობს თუ არა ხალხი? ჯერჯერობით უარი არ ყოფილა. თუმცა ხალხი ამბობს, „მოვაგროვებთ მარცვლეულს“; „მოდით დავიცდით, ვიდრე აცივდება“; ჩვენ კი არ ვიცით, რა გველოდება წინ“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უფასოდ უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას, განთავსებას, კვებასა და სამედიცინო მომსახურებას, რაც აუცილებელია ზამთრისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები