ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინის ელექტრო ქსელიდან გათიშვისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადამისამართების ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
„აშკარაა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და ხელში ჩაგდება არის მისი სტრატეგიის ნაწილი ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის შესაქმნელად. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ნებისმიერ ქმედებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ან სხვაგან, რომელიც გავლენას მოახდენს მშვიდობიანი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მთელს რეგიონში“, – აღნიშნა პატელმა.
მისი თქმით, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა გადააქციოს ატომური ელექტროსადგური აქტიურ საომარ ზონად.
„ძალიან გასაგებად რომ ვთქვათ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ელექტროენერგია, რომელსაც ის აწარმოებს, სამართლიანად ეკუთვნის უკრაინას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ.
ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დღეს უკრაინის ელექტროქსელიდან გაითიშა.