შარლ მიშელი: ყირიმი უკრაინაა – რუსეთის აგრესია 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიით დაიწყო

ევროკავშირმა არ აღიარა და არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყირიმი უკრაინაა. რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წლის თებერვალში. ის 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიით დაიწყო. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო რუსული აგრესიის, უკანონო ქმედებებისა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამ ომმა დიდი ტანჯვა გამოიწვია მილიონობით უკრაინელისთვის“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თებერვლიდან რუსეთი ყირიმს უკრაინის სხვა რეგიონებში შეჭრის პლაცდარმად იყენებს.

„რუსეთი იყენებს ყირიმს, როგორც სატრანზიტო პუნქტს ფილტრაციის ბანაკებში უკრაინის მოსახლეობის დეპორტაციისთვის… ყირიმში რუსეთის ყოფნამ შავ და აზოვის ზღვებში უკრაინის პორტების ბლოკირება განაპირობა. ამან იმოქმედა ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სასურსათო კრიზისზე. აუცილებელია ნათლად გვესმოდეს, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი არჩევანი ყირიმის მილიტარიზაციისთვის, უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტების მიზნით. ამიტომ ჩვენ მივესალმებით მარცვლეულის ინიციატივას, ისევე როგორც მიწოდებას. პირველი გემები უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან… ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რომ რუსეთმა შეასრულოს ეს მარცვლეული ინიციატივა“, – აღნიშნა მიშელმა.

ამასთან, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა რუსი ოკუპანტების მიერ ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურის, ზაპოროჟიეს მუდმივი დაბომბვის გამო შეშფოთება გამოხატა.

„რუსეთის ფედერაციის ქმედებები საფრთხეს უქმნის ბირთვულ კატასტროფას… ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გაეროს მიერ მიღებულ ზომებს. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს წვდომა [IAEA-ზე] და უზრუნველყოს დემილიტარიზებული ზონა სადგურის ირგვლივ“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ჩვენი მხარდაჭერა უპრეცედენტოა. უკრაინას ძლიერ მხარდაჭერას ვუწევთ ჰუმანიტარული, მაკროფინანსური დახმარების სახით, მხარდაჭერას ვუწევთ ლტოლვილებს, უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას და ასევე ვუერთდებით უკრაინის აღდგენის ძალისხმევას. თქვენი მომავალი ევროკავშირთანაა. დიდი ოცნება მაქვს, რომ მეც შევძლებ შემოგიერთდეთ, ბატონო ვოლოდიმირ, ყირიმში მოგზაურობაში. ასევე მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, დაგმოს რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, გავლენა მოახდინოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები