დავით მათიკაშვილი: ჩვენს საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის არმიწვევის საკითხს გამოეხმაურა.

„ჩვენს საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკა რაღაცნაირად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. აბსოლუტურად არაადეკვატური და კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო ISFED-ის და რიგი სხვა არასამთავრობოების განცხადებები ხელისუფლების გადაყენებაზე, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. შეცდომები ან შეცდომებად გასაღებული გარკვეული ნაბიჯები გარკვეულ ემპირიულ გამოცდილებას გვაძლევს, თუმცა ამ პროცესისგან გამიჯვნა და მკაფიოდ დაფიქსირება, რომ ორგანიზაცია ჯერ კიდევ სამოქალაქო სექტორშია და პოლიტიკაში არაა გადასული, იქნება იმის საფუძველი, რომ კარი ამ ორგანიზაციისთვისაც გაიხსნას, მაგრამ ის ამას არ აკეთებს“, – აცხადებს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არ მიიწვიეს, რის გამოც შეხვედრა პროტესტის ნიშნად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები