მიხეილ სარჯველაძე: არიან დეპუტატები, რომლებიც თვლიან, რომ საკითხებზე, რომელიც მათ აქტუალურად მიაჩნიათ, ისაუბრონ და არ მგონია, ეს შეთქმულების ნიშანს იძლეოდეს

“მიზეზი შეთქმულების ძიებისთვის არ არსებობს. მარტივად დგას საკითხი: არიან დეპუტატები, რომლებიც თვლიან, რომ საკითხებზე, რომელიც მათ აქტუალურად მიაჩნიათ, ისაუბრონ და არ მგონია, ეს შეთქმულების ნიშანს იძლეოდეს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც პარლამენტის წევრების – სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის გუშინდელ ერთობლივ განცხადებას ეხება.

სარჯველაძის შეფასებით, იმასთან დაკავშირებით თუ ვის რა პოზიცია აქვს – ყველაფერი ღიად ითქვა.

“ვერ მივცემ თავს უფლებას კრიტიკული მოსაზრებები შემოგთავაზოთ, თუმცა საკითხის დასმა იმის შესახებ, ვის წარმოადგენენ, ამ ოთხი ადამიანის მხრიდან მკაფიოდ იქნა ახსნილი, რატომ გადაწყვიტეს ცალკე მოღვაწეობა – რათა საჯაროდ ესაუბრათ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი ხედავენ. შესაბამისად, რატომ გაჩნდა კითხვა, არ მესმის. რაც შეეხება იმას, არიან თუ არა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები – სწორედ ეს იყო მიზეზი მათი დამოუკიდებლად მოქმედებისა, რომ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც მიჩნეული იყო, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა, ესაუბრათ საჯაროდ, ჩვენგან განსხვავებით. არ მგონია, რომ რაიმე შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგება იმიტომ, რომ ყველაფერი ღიად ითქვა იმაზე, ვის და პოზიციები აქვს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: “მე არ ვიცი ეს ჯგუფი ვის და რას წარმოადგენს – განსხვავდებიან თუ არა მმართველი პარტიისგან, თუმცა ბრალდებები, რასაც ისინი აჟღერებენ, არის დაუფიქრებელი და კონსპირაციულ თეორიებზე დაფუძნებული.  პოლარიზაცია ღრმავდება ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დარღვეული პირობებით – მას დასავლელი პარტნიორები ვერ გააღრმავებენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები