უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების თავდასხმა და შეტევითი მოქმედებები 6 მიმართულებით მოიგერიეს.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით, მტერი ცდილობდა გაერღვია უკრაინელი ჯარების დაცვა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა დამპყრობლებს წინააღმდეგობა გაუწიეს და უკან დაახევინეს.

„სლავური მიმართულებით დამპყრობლები ცდილობდნენ ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას დოვგენკა-მაზანოვკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს, უკან დაიხიეს.

კრამატორსკის მიმართულებით, მტერი ცდილობდა წინსვლას შეტევითი ივანო-დარიევკას, ვიემკას და ვესელის მიმართულებით. მან განიცადა სრული მარცხი და ქაოსურად დაბრუნდა ადრე დაკავებულ პოზიციებზე.

ბახმუტის მიმართულებით მტერი ცდილობდა შეექმნა ხელსაყრელი პირობები შემდგომი შეტევისთვის ცალკეულ სექტორებში, თუმცა მან ზარალი განიცადა და უკან დაიხია.

ავდეევკას მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას სტარომიხაილოვკასა და ნეველსკოეს მიმართულებით.

ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მტერმა ასევე ზარალი განიცადა და უკან დაბრუნდა.

სხვა მიმართულებებით მტერს თავდასხმის ოპერაციები არ ჩაუტარებია“, – აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები