ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შედეგს ბრძოლის ველზე გადაწყვეტენ და არა მოლაპარაკების მაგიდასთან.
ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში თქვა.
„ჩვენ გვესმის, რომ მათი კონფლიქტი მოლაპარაკებების მაგიდასთან ვერ მოგვარდება. კონფლიქტი ბრძოლის ველზე მოგვარდება. მე სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ, და ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ ომში უკრაინის გამარჯვებისთვის. ყველა სხვა სცენარი, უკრაინისთვის, ლიეტუვისთვის და მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის, შესაძლოა ძალიან ბნელი იყოს”,- განაცხადა ნაუსედამ.
პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ამ ომის სცენარი არასწორად გათვალა.
“პუტინი ელოდა, რომ ისინი რამდენიმე დღეში აიღებდნენ კიევს, და რომ ეს ომი რუსეთისთვის დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგის მომტანი არ იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს აბსოლუტურად ასე არ არის”, – თქვა მან.
ნაუსედამ ასევე დასძინა, რომ არ სჯერა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების, რადგან არგუმენტებს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
“რადგან ამ რეჟიმის მთავარი იდეოლოგიაა – რაც შეიძლება მეტი დაიპყრო, მეზობლებთან ბრძოლა, რომლებზეც თავდასხმა არის შესაძლებელი. ისინი იმპერიის აღდგენას ცდილობენ, ამა თუ იმ ფორმით საბჭოთა კავშირის აღდგენას. და ეს რისკების შემცვლელია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. მათ შორის ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც საბჭოთა არ ყოფილა, მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის”,- თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ნაუსედას თქმითვე, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინი ახალი ტერიტორიების ძიებას დაიწყებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ვლადიმერ პუტინის მადა უსაზღვროა. თუ ის უკრაინაში გაიმარჯვებს, ჩვენს კარებთან მოვლენ. არ ვიცი, ვინ იქნება მათი შემდგომი სამიზნე – ბალტიის ქვეყნები, შესაძლოა პოლონეთი, ან შეიძლება, რუმინეთი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი. მთავარი გამოწვევაა – ნატოს და ევროკავშირის ფორმატში გაკეთდეს ყველაფერი, რაც პუტინს შეაჩერებდა”,- დასძინა მან.