გრიშუას ბაღის, განჯის კარისა და სხვა ძველთბილისური ადგილების ისტორია

თ. კვირკველიას წიგნი „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ძველთბილისურ დასახელებას, რომელსაც წარმოშობის საკუთარი ისტორია აქვს და თბილისზე, მით უფრო, ძველ თბილისზე შეყვარებულ ადამიანს განსაკუთრებით დააინტერესებს.


გრიშუას ბაღი – თბილისში რამდენიმე ადგილი იყო, სადაც იმართებოდა ხოლმე ჭიდაობა. ერთი ასეთი პოპულარული ადგილი დიდუბეშიც ყოფილა ეკლესიის სიახლოვეს, მას ზოგჯერ ცინცაძეების ცირკსაც უწოდებდნენ.

გაბანაანთხევი – ნაწილობრივ ამოვსებული ხევი მდებარეობს ლურჯ მონასტერსა და ვერის ბაღს შორის. ვერე საგაბაშვილო მამული იყო და ხევის სახელიც ამ გვართანაა დაკავშირებული, თუმცა ლურჯი მონასტრის მიმდებარე მიწები ცნობილ მოგზაურს, რაფიელ დანიბეგაშვილს, ხოლო ხევის გადაღმა ტერიტორია მღვდელ გამდლიშვილს ეკუთვნოდა. ვერის პარკის დიდ ნაწილზე ერთ დროს სასაფლაო იყო.

გრძელი ბაზარი – გრძელ ბაზარს უწოდებს შარდენი (მე–17 საუკუნის 70–იანი წლები) სახელოსნოებსა და სავაჭრო რიგებს, რომელთაც ქართული წყაროები რასტამბაზარს უწოდებენ. იგი მდებარეობდა დღევანდელი სიონისა და ერეკლეს ქუჩების ხაზზე და ბატონის მოედანთან კარიბჭით მთავრდებოდა (იხ. რასტაბაზარი).

განჯის კარი – თბილისის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კართაგანი მოწყობილი იყო ქალაქის გალავნის სამხრეთ ნაწილში, კლდის ძირას, რომელსაც ნარიყალას ბასტიონები აგვირგვინებდნენ. განჯის კართან მდინარე წავკისწყალი ჩადიოდა, რომელზედაც ხიდი იყო გადებული შუა საუკუნეების ტრადიციით, ქალაქის კარიბჭეს იმ გზის სახელს არქმევდნენ, რომელიც ამ კართან მთავრდებოდა. მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, რომელიც სამხრეთიდან მოემართებოდა და თბილისს აღმოსავლეთის ქვეყნებთან აკავშირებდა, „განჯის გზა“ ერქვა. ქალაქის ფარგლებში იგი აწინდელი გრიშაშვილის ქუჩის ხაზს მიჰყვებოდა თაბორის ციხის ქვეშ, შემდეგ აბანოების უბანს უვლიდა გარს სამხრეთიდან და განჯის კარის ხიდთან წყდებოდა. განჯის გზას აბანოების უბნის მისასვლელთან ჰქონდა განშტოება. ეს უკანასკნელი ქვევით ეშვებოდა და „აბანოს კარამდე“ აღწევდა. განჯის კარს მომდგარ ვაჭრებს თუ მგზავრებს ქალაქში მოხვედრამდე საკმაოდ რთული ფორტიფიკაციული სისტემის გავლა უხდებოდათ. თვით განჯის კარი წავკისწყლის პირას, ხიდის გვერდებზე აღმართული კვადრატული გეგმის მქონე ბურჯებს შორის იყო მოქცეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები