რუსმა ოკუპანტებმა, გვიან ღამით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 13 დაიჭრა.
ამის შესახებ Telegram-ში დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ დაწერა.
მისი ინფორმაციით, მტერმა საცხოვრებელ რაიონებს 80 რაკეტა ესროლა.
მარგანეცში 10 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, მათგან 10 საავადმყოფოშია, ხოლო 7-ის მდგომარეობა მძიმეა.
რეზნიჩენკოს თქმით, ქალაქში 20-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი, კულტურის სახლი, საერთო საცხოვრებელი, ორი სკოლა, საკრებულოს შენობა და კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზი.
ამავდროულად, ერთი ქალი დაიღუპა ვიშეტარასოვკაში, რა დროსაც მისი სახლი ჭურვის მოხვედრის შედეგად მთლიანად დაინგრა. ასევე სოფელში 11 კერძო სახლი და გაზსადენია დაზიანებული, ათასამდე აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი.
ასევე, დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის,- წერს რეზნიჩენკოვი.