უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ყირიმში მომხდარი აფეთქების ფაქტი ტერორისტულმა სახელმწიფომ შესაძლოა, საინფორმაციო ომში გამოიყენოს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ ხანძრის მიზეზის დადგენა არ შეუძლიათ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა სახელმწიფომ შესაძლოა, საინფორმაციო ომში გამოიყენოს.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლია ხანძრის მიზეზის დადგენა, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და დაუდგენელ ადგილებში მოწევის აკრძალვას. ხანძრის ფაქტი ტერორისტული ქვეყნის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ რომ ოკუპანტები „შემთხვევით“ იპოვიან რაიმე დამახასიათებელ „შევრონს“, „სავიზიტო ბარათს“ ან „დნმ-ს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თავდაცვის უწყება მოუწოდებს უკრაინელებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ენდონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
ცნობისთვის, ყირიმში, საკის რაიონში, ნოვოფედოროვკას აეროდრომთან მომხდარ აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყება აფეთქების გამომწვევ მიზეზად საბრძოლო მასალების დეტონაციას ასახელებს.