არ არსებობს მთა, რომელზეც ვერ ავალთ, არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ვერ მივაღწევთ, არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გადავლახავთ, არ არსებობს გამარჯვება, რომელსაც ვერ მოვიპოვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გავრცელდა.
„აშშ გახდა ქვეყანა, რომელიც სამართალდამცველებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ იარაღად იყენებს. მსგავსი არაფერი გვინახავს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ვიდეომიმართვაში ტრამპი ასევე ადანაშაულებს ბაიდენის ადმინისტრაციას იმაში, რომ „რუსეთს საშუალება მიეცა გაენადგურებინა უკრაინა“.
„ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელიც უამრავი თვალსაზრისით დასაცინი გახდა, თუმცა მალე სიდიადეს დავიბრუნებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.