“ის, რომ თავისუფლებაზე ხართ, თქვენი დამსახურება კი არა, ჩვენი ნაკლია”- მედვედევი ესტონეთის პრემიერს პასუხობს

“ის, რომ თავისუფლებაზე ხართ, თქვენი დამსახურება კი არა, ჩვენი ნაკლია”,- ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ესტონეთის პრემიერის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ დროა, ევროპამ რუსულ ტურიზმზე თქვას უარი.

მედვედევმა ტელეგრამში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად ნაციზმში ესტონეთის პრემიერიც დაადანაშაულა.

“უკრაინულის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მისამართით მორიგი ნაცისტური სისულელე ესტონელმა დეიდამ თქვა: „ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება“. მინდა მას სხვა სიტყვები შევახსენო: „ის, რომ თავისუფლებაზე ხართ, თქვენი დამსახურება კი არა, ჩვენი ნაკლია“,- დაწერა მედვედევმა.

ესტონეთის პრემიერმა ტვიტერში დღეს დაწერა, რომ „უნდა შეჩერდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპაში ვიზიტი – პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება“.

მანამდე ანალოგური წინადადებით ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი გამოვიდა. მისი თქმით, საჭიროა ევროპულ დონეზე რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეზღუდვა.

The Washington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა მათ ქვეყნებში რუსეთის ყველა მოქალაქეს შესვლა აუკრძალონ, რომ შეწყდეს უკრაინის ტერიტორიის ანექსია.

მისი თქმით, „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები არის საზღვრების ჩაკეტვა, რადგან რუსები სხვებს მიწებს ართმევენ“. უკრაინის პირველი პირის თქმით, “რუსებმა საკუთარ სამყაროში უნდა იცხოვრონ, ვიდრე თავიანთ ფილოსოფიას არ შეცვლიან”.

ზელენსკის განცხადებას დღეს მედვედევი გამოეხმაურა და თქვა, რომ ”მთავარი უკრაინელი ჯამბაზი გამოვიდა წინადადებით, რომ “პასუხისგებაში რუსეთის მთელი მოსახლეობა იყოს მიცემული”. მთელ ერთან მიმართებით ამგვარი იდეების რეალიზაციის მცდელობა უკანასკნელად, ადოლფ ჰიტლერს ჰქონდა. კიდევ გაქვთ რაიმე კითხვა უკრაინის ძალაუფლების ბუნებასთან დაკავშირებით?“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები