ირაკლი ქადაგიშვილი: კალანდარიშვილმა ჩაატარა არჩევნები, რომელსაც ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უმაღლესი შეფასება მისცა – ვფიქრობთ, არ დავუჭერთ მხარს პრეზიდენტის არამოტივირებულ  გადაწყვეტილებას

“გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა არჩევნები, რომელსაც ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უმაღლესი შეფასება მისცა – ვფიქრობთ, ალბათ, გვექნება ჩვენი ხედვა ამაზე და არ დავუჭერთ მხარს პრეზიდენტის ამ ობიექტურად არამოტივირებულ გადაწყვეტილებას”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი არ წარადგინა.

ქადაგიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია.

„გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მაშინ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ეუთო/ოდირმა ადმინისტრაციის მიერ გაწეულ მუშაობას მისცა უმაღლესი შეფასება. რამდენიმე ქვეყნის ელჩმა, ამერიკის, ევროკავშირის, გერმანიის და კიდევ სხვა ქვეყნების ელჩებმა პირადი შეფასება მისცეს და აღნიშნული იყო, რომ ასეთი მაღალი ორგანიზაციული ხარისხით ჩატარებული არჩევნები, ადმინისტრირების ასეთი მაღალი დონე და უმაღლესი ადმინისტრატორის, კონკრეტულად იყო მათ შორის თავმჯდომარეზე მითითებაც, გაწეული სამუშაო მართლაც უმაღლეს შეფასებას იმსახურებსო. აქედან გამომდინარე, ყოვლად გაურკვეველია, რატომ ხდება ასეთი ადამიანის არდაშვება პარლამენტში წარსადგენად. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ, გვექნება ჩვენი ხედვა ამაზე და არ დავუჭერთ მხარს ამ ობიექტურად არამოტივირებულ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ცესკოს არჩეული თავმჯდომარე გააგრძელებს მოვალეობას, ვიდრე არ იქნება არჩეული ახალი თავმჯდომარე. უნდა მოხდეს ახალი კონკურსის ჩანიშვნა და ეს პროცედურები გაგრძელდება. კენჭისყრას თავისი ვადები აქვს, საშემოდგომო სესიის განმავლობაში, სადღაც ნოემბრამდე ეს პროცესები გაგრძელდება. კენჭისყრის უარყოფითი შედეგების შემდეგ ახალი კონკურსი გამოცხადდება, ალბათ ოქტომბრის თვეში გამოცხადდება ახალი კონკურსი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები