“საქართველოს, სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის გავლით, აფხაზეთს შეუძლია, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს” – ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მოქმედებს, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ალტერნატიული ტრანზიტების საკითხი, მაგრამ ეს სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს.

როგორც მან ტელეგრამ-არხთან – “სპუტნიკ ბლიჟნეე ზარუბეჟიესთან” საუბარში თქვა, ამ მხრივ, აფხაზეთს ძალიან მოსახერხებელი ლოჯისტიკა აქვს, რომელსაც რკინიგზით, ასევე, საავტომობილო გზით შეუძლია საქართველოს, სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის დაკავშირება.

“გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას აძლევს აფხაზეთს – გახდეს სატრანზიტო ჰაბი, მაგრამ ამ პოტენციალის რეალიზებისთვის აუცილებელია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გვაქვს რამდენიმე პორტი, მათი სიმძლავრე არც ისე დიდია, მაგრამ ეს დროის და სურვილის საკითხია. აფხაზეთზე რკინიგზა გადის, ლიანდაგების ნაწილი დაშლილია, მაგრამ ესეც შეიძლება, აღდგეს, შესაძლებელია საავტომობილო კომუნიკაციის გამოყენება სხვა სახელმწიფოებთან – საქართველოსთან, სომხეთთან, ირანთან, აზერბაიჯანთან. ლოჯისტიკა ძალიან მოსახერხებელია“, – განმარტა მან.

ბჟანიამ ამ მიმართულებით მუშაობის მზაობა გამოთქვა. მისი თქმით, რუსული ბიზნესის მხრიდან ინტერესი უკვე არსებობს.

“გარკვეული ნაბიჯები თვითონ გადავდგით: უახლოეს მომავალში პორტში საკონტეინერო ადგილი ამოქმედდება. აფხაზმა ბიზნესმენებმა ააშენეს, ამაზე ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ვიცი, რომ საქონლის ტრანსპორტირებაზე შეკვეთები უკვე აქვთ“, – განაცხადა მან.

დე ფაქტო პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა აფხაზეთს რუსეთის მხარდაჭერით აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები