მიხეილ სარჯველაძე: სოციალური ქსელის გამტეხმა დაწერა, მედვედევმა თუ ნებისმიერმა სხვამ, არის კატეგორიულად მიუღებელი, მავნებლური განცხადება
“როგორც უნდა იყოს, ეს ყველაფერი სოციალური ქსელის გამტეხმა დაწერა, მედვედევმა თუ ნებისმიერმა სხვამ, ეს კატეგორიულად გამორიცხული და მიუღებელი განცხადებაა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.
სარჯველაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, განცხადება მავნებლურია.
„ეს განცხადება არის აბსურდული, მავნებლური და აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი გამოვლინება აგრესიული განწყობების. საქართველო ამას არასდროს შეეგუება. ჩემთვის სულერთია, ამ განცხადების განთავსება იყო მართალი თუ ტყუილი. როგორც უნდა იყოს, ეს ყველაფერი სოციალური ქსელის გამტეხმა დაწერა, მედვედევმა თუ ნებისმიერმა სხვამ, ეს კატეგორიულად გამორიცხული და მიუღებელი განცხადებაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პოსტში, რომელიც დადებიდან 10 წუთის შემდეგ წაიშალა, მედვედევი წერდა, რომ 1801 წლამდე საქართველოს სახელმწიფო არ არსებობდა. პოსტში ასევე ეწერა: „ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი, ასევე, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან, შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს. რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება”.
მედვედევის თანაშემწის, ოლე ოსიპნოვის განცხადებით, მედვედევის Vkontakte-ს ანგარიში უცნობმა პირებმა გატეხეს.