შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყველა ობიექტური შეფასებით იმსახურებს უმაღლეს ქულებს; სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, თუ რამხელა წინსვლა აქვს საქართველოს ინსტიტუციური განვითარების კუთხით

„მიხარია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყველა ობიექტური შეფასებით იმსახურებს უმაღლეს ქულებს. თქვენც ახსენეთ რამდენიმე ანგარიში, რომელშიც სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის საკმაოდ მაღალი შეფასებებით გამორჩეული და ამ კუთხით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ინსტიტუციური განვითარების დონეს საქართველოს მმართველობაში და სხვადასხვა რეიტინგებიც ამას მოწმობს, რომ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი ჩვენ გვაჩვენებს, თუ რამხელა წინსვლა აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების კუთხით”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საერთაშორისო შეფასების (SAI PMF) და სტრატეგიული გეგმის შესრულების შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პარლამენტისთვის, რომ აკონტროლოს სახელმწიფოს ფინანსების მართვის საკითხები. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყოს ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი და მეორეს მხრივ, პარლამენტიც იყოს მზად იმისთვის, რომ აუდიტის დასკვნები და ანგარიშები შესაბამისი პროფესიონალიზმით მოისმინოს.

„სწორედ ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ, პარლამენტშიც გვაქვს ხოლმე მსჯელობა, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პარლამენტის მხრიდან აუდიტის სამსახურის დასკვნების განხილვა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან უკვე რამდენიმე წელია მუდმივმოქმედი სტატუსით არსებობს აუდიტის ანგარიშების განმხილველი ჯგუფი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით სწორედ ამ ანგარიშებს განიხილავს და ამავე დროს, მნიშვნელოვანი არის, რომ დარგობრივი კომიტეტებიც აქტიურად იყვნენ ჩართული აუდიტის ანგარიშების განხილვაში. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და მისი აუდიტის ჯგუფი, არამედ დარგობრივი კომიტეტები და ზოგადად, ყველა დეპუტატი დაინტერესებული იყოს ამ დასკვნების განხილვით. ეს დასკვნები გვაძლევს ძალიან კარგ, პროფესიონალურ წარმოდგენას, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რამდენად ეფექტიანად ხდება საჯარო ფინანსების განკარგვა და მართვა და თავისთავად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტრუმენტი, გამოყენებული იყოს”,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე მოწვევის პარლამენტი გეგმავს, რომ იმსჯელოს, თუ რამდენად შეიძლება გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია მათ შორის, აუდიტის დასკვნების გამოყენებით.

„პარლამენტი, მუდმივად მზად ვართ, რომ გვერდში ვედგეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ის, რაც არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი აუდიტის სამსახურის გასაძლიერებლად, ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. მნიშვნელოვანი არის ინსტიტუციური მეხსიერების კუთხით, რომ პარლამენტი, პროფესიონალურად მზად იყოს იმისთვის, რომ ის სამსახური, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწევს, კერძოდ ის ანგარიშები, რომელსაც ის აწარმოებს სხვადასხვა უწყებებთან დაკავშირებით, განიხილოს და შესაბამისად სათანადო რეაქციები ჰქონდეს. მიმდინარე მოწვევის პარლამენტი გეგმავს, რომ ამ კუთხით ვიმსჯელოთ რამდენად შეიძლება გაძლიერდეს საზედამხედველო ფუნქცია პარლამენტის მათ შორის, აუდიტის დასკვნების გამოყენებით”,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საერთაშორისო შეფასების (SAI-PMF) და სტრატეგიული გეგმის შესრულების შედეგების პრეზენტაციას პარლამენტის, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების (EGFA) ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები