“ტერორისტების ეს ლიდერი აღარ არსებობს” – ბაიდენმა “ალ-ქაიდას” ლიდერის, ზავაჰირის ლიკვიდაცია დაადასტურა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთში შეერთებული შტატების ოპერაციის შედეგად, “ალ-ქაიდას” ლიდერი, აიმან ალ-ზავაჰირია ლიკვიდირებული, რაც 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ტერორისტებისთვის მიყენებული ყველაზე დიდი დარტყმაა.

ამის შესახებ ბაიდენმა ტელემიმართვის დროს თქვა.

„ეს ოპერაცია არის ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია და ყოველთვის შევასრულებთ დაპირებებს. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს “ალ-ქაიდას” საფრთხეების მონიტორინგს და აღმოფხვრას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ისინი. როგორც მთავარსარდალი, მე ვარ პასუხისმგებელი ამერიკის უსაფრთხოებაზე. შეერთებული შტატები ტერორის წინააღმდეგ ამ ომს არ ეძებდა. ისინი თვითონ მოვიდნენ ჩვენთან. ჩვენ ვუპასუხეთ იგივე პრინციპებით და მონდომებით, რაც თაობიდან თაობამდე ჩამოგვიყალიბდა – დავიცვათ უდანაშაულოები, დავიცვათ თავისუფლება. სამართლიანობა აღსრულდა და ტერორისტების ეს ლიდერი აღარ არსებობს“,- თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მედიას თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ანონიმურად უამბეს, რომ ზავაჰირი ქაბულში, 31 ივლისს გამთენიისას, ადგილობრივი დროით 6:18 საათზე დრონის გამოყენებით მოკლეს.

თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ „ზავაჰირი აშშ-ის მოქალაქეებისთვის, ინტერესებისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მისი სიკვდილი მნიშვნელოვანი დარტყმაა “ალ-ქაიდასთვის” და დაჯგუფების მოქმედების შესაძლებლობებს შეამცირებს.”

ზავაჰირი, ეგვიპტელი ქირურგია, რომლის ლიკვიდირებისთვის აშშ-მა 25 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო გამოაცხადა. ის, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ერთ-ერთი კოორდინატორი იყო.

ბოლო რამდენიმე წელია ვრცელდებოდა ინფორმაცია ზავაჰირის გარდაცვალების შესახებ, ან იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები