ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა – ეს შეიძლება იყოს პირველი პოზიტიური სიგნალი, რომ მსოფლიოში სასურსათო კრიზისის გავრცელების შეჩერების შანსი არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის მსოფლიო სასურსათო ბაზრის სტაბილიზაციაში სათანადო წვლილი შეიტანოს.
„ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა, რომელსაც 26,000 ტონა სიმინდი მიჰქონდა. ამჟამად, რაიმე დასკვნების გაკეთება და შემდგომი მოვლენების პროგნოზირება ძალიან ადრეა. მაგრამ პორტმა მუშაობა დაიწყო, საექსპორტო ტრაფიკი დაიწყო და ეს შეიძლება იყოს პირველი პოზიტიური სიგნალი, რომ მსოფლიოში სასურსათო კრიზისის გავრცელების შეჩერების შანსი არსებობს. 16 გემი უკვე ელოდება თავის რიგს, ჩვენ კი მზად ვართ სათანადო წვლილი შევიტანოთ მსოფლიო სასურსათო ბაზრის სტაბილიზაციაში.
ჩვენი სახელმწიფოსთვის ესეც დიდი სარგებლის მომტანია. დაახლოებით ნახევარი მილიონი უკრაინელია ჩართული სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო მოსავლის გაშენებაში და თუ ამას დავამატებთ ინდუსტრიებს, მაშინ ამას პლუს მილიონი სამუშაო ადგილი. სწორედ ამიტომ, საექსპორტო ინიციატივის განხორციელებას შესაბამისი სახელმწიფო ყურადღება ექცევა. ჩვენს ხალხს ეს ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.