აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის რუსეთთან შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე სასწრაფო მოლაპარაკებები აწარმოოს, რომელიც ჩაანაცვლებს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას 2026 წლიდან, როდესაც მისი ვადა ამოიწურება, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც თეთრმა სახლმა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის წინ გაავრცელა.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები კეთილსინდისიერ პარტნიორს მოითხოვს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა აგრესიამ უკრაინაში, ევროპაში მშვიდობა დაარღვია, რაც საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე თავდასხმას წარმოადგენს.
„ამ კონტექსტში რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ის მზად არის, განაახლოს აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების კონტროლზე მუშაობა. ჩინეთს, როგორც ბირთვულ სახელმწიფოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება მოლაპარაკებებში ჩართვის პასუხისმგებლობა, რაც შეამცირებს არასწორი გათვლების რისკს და აღმოფხვრის მადესტაბილიზებელ სამხედრო დინამიკას“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.