რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული არ შეიძლება იყოს და ასეთი ომი არასდროს უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
„ჩვენ გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასდროს უნდა დაიწყოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თანაბარ და განუყოფელ უსაფრთხოებას საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრისთვის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ბირთვული დაპირისპირების რისკის შესახებ საერთაშორისო შეშფოთება მას შემდეგ გაძლიერდა, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა. ამ პერიოდის განმავლობაში, პუტინი ხაზგასმით მოიხსენიებდა რუსეთის ბირთვულ არსენალს და გარე ძალებს მოუწოდებდა, რომ ომში არ ჩარეულიყვნენ.
„ვინც შეეცდება ხელი შეგვიშალოს… უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება და ისეთ შედეგებამდე მიგიყვანთ, რაც თქვენს ისტორიაში არასდროს შეგხვედრიათ”, – აცხადებდა პუტინი.